რაგბი | ლობჟანიძის დაწყებული კომბინაცია გიგაშვილმა ლელოთი დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14) მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი ლეგიონერების ერთი ნაწილი სანაკრებო შეკრებაზეა, ხოლო მათგან, ვინც ნაკრებში არ არის გამოძახებული, თავი ბექა გიგაშვილმა გამოიჩინა.
„ტულონისა“ და „ბორდოს“ შეხვედრაში მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ბექა გიგაშვილი და ვასილ ლობჟანიძე. შეხვედრის მე-13 წუთზე მათ აქტიურობას ლელო მოჰყვა – ლობჟანიძის წამოწყებული კომბინაცია გიგაშვილმა დააგვირგვინა (ბიგარმა ზუსტად გარდასახა) და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა „ტულონმა“ საბოლოოდ 32:37 წააგო.
გიგაშვილმა და ლობჟანიძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს – გიგაშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს, ლობჟანიძე – 69-ზე.
მიმდინარე სეზონში ეს საფრანგეთის ჩემპიონატში გიგაშვილის პირველი ლელოა.
14 ტურის შემდეგ „ტულონი“ 37 ქულით მეხუთე ადგილზეა.