რაგბი | ლევან მაისაშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსოფლიო თასისთვის კარგად მოვემზადოთ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას „შევარდენის“ ბაზაზე განაგრძობს, სადაც გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა შეკრების მიმდინარეობა შეაფასეს და მომავალ მატჩებზე ისაუბრეს.
გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ თედო აბჟანდაძესა და ბექა გორგაძეს, რომლებსაც მცირე ტრავმები აქვთ, ისინი ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობენ მზადებას. გახურებისას დაშავდა დემე თაფლაძე, მისი დაზიანების სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
12 და 19 აგვისტოს „ბორჯღალოსნები“ თბილისში, „მიხეილ მესხზე“ რუმინეთისა და აშშ-ის ნაკრებებს ეთამაშებიან, ხოლო 26 აგვისტოს ედინბურგში შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებენ ტესტმატჩს.
ლევან მაისაშვილი: „მზადების მეექვსე კვირა დავასრულეთ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ინტენსიური, აქტიური ვარჯიშები გვაქვს. ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის მიკროტრავმებია. ბექა გორგაძისა და თედო აბჟანდაძის გარდა, დაზიანება მიიღო დემე თაფლაძემ, რომლის მდგომარეობას უახლოეს პერიოდში გავიგებთ. მომავალი კვირიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს ბექა გიგაშვილი. სხვა ყველა მორაგბე მწყობრშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
20-წლამდელთა ნაკრებიდან სამი მოთამაშე დაგვემატა, რომლიდან ორი თავიდანვე ჩვენს სიაში იყო. ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრები ერთი სისტემით ვარჯიშობს და ჩართულობის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია.
ახლა ერთი კვირა დავისვენებთ და მომავალი კვირიდან უშუალოდ გასახურებელი მატჩებისთვის დავიწყებთ მზადებას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსოფლიო თასისთვის კარგად მოვემზადოთ. გასახურებელ თამაშებზე დაგვჭირდება გულშემატკივრის თანადგომა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.
გიორგი ჭყოიძე: „ინტენსიურად ვემზადებით. ურთულესი კვირები გავიარეთ და ვგრძნობთ, რომ წინ მივდივართ და ველოდებით გასახურებელ თამაშებს. პირველი შეხვედრა კარგად ნაცნობ რუმინეთთან გვიწევს, რომელსაც ჩვენს ძლიერ მხარეებს დავუპირისპირებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრის თანადგომა და იმედი მაქვს, „მიხეილ მესხის“ ტრიბუნები შეივსება. ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ისინი და მთელი ქვეყანა გავახაროთ“.
ოთარ ლაშხი: „თავიდან რამდენიმე კვირა შედარებით მსუბუქი ვარჯიშვები გვქონდა. წინა მსოფლიო თასებისგან განსხვავებით, ეს მოსამზადებელი ეტაპი შედარებით ხანმოკლეა და ყველა ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ახლა გველის ტესტმატჩები, რომლებიც აუცილებელია სათამაშო პრაქტიკის მისაღებად. ვეცდებით, ვარჯიშებზე გავლილი დეტალები თამაშში გადავიტანოთ“.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო
23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო