რაგბი | ლევან მაისაშვილი - „იბერიანსი“ ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია და ვიცით, როგორ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ #1TVSPORT
პირველი ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპართასის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 4 ნოემბერს თბილისში, ავჭალის სტადიონზე ესპანური „იბერინსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
ამ შეხვედრაში გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლევან მაისაშვილი შეასრულებს, რომელიც აღნიშნულ პოსტზე ახალი მწვრთნელის მოძიებამდე დარჩება.
მაისაშვილმა რაგბი ევრპის სუპერთასის ახალ სეზონსა და „შავი ლომის“ მზადებაზე კომენტარი გააკეთა:
ლევან მაისაშვილი („შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი) – „მიმდინარეობს საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ ახალი მწვრთნელის ძიება და გადაწყვეტილების მიღებამდე, პროცესები რომ არ შეჩერდეს, მოვალეობის შემსრულებელი მე ვიქნები.
მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ნაკრების მოთამაშეები დავასვენეთ, დანარჩენები კი უკვე დიდი ხანია, მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობენ და „დიდ 10“-ში თამაშობენ. ერთი კვირაა, რაც სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და ვემზადებით სუპერთასის პირველი შეხვედრისთვის. „იბერიანსი“ ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია და ვიცით, როგორ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.
სუპერთასის ახალი ფორმატით აღფრთოვანებული არ ვარ. თამაშების რაოდენობა რვიდან ხუთმდე შემცირდა. გაგვიმართლა იმ კუთხით, რომ „ჩელენჯ თასი“ გვაქვს, რაც თამაშების რაოდენობას აბალანსებს, მაგრამ მოთამაშეთა სრულფასოვანი სათამაშო დროისთვის არც ესაა საკმარისი. რაგბის კავშირი ამ საკითხზე მუშაობს და მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა „შავ ლომს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, აპრილიდან ივლისამდე რაიმე აქტივობა ჰქონდეს“.