რაგბი | ლადო კილასონია - ვფიქრობ, მაყურებელი ორი ხისტი გუნდის საინტერესო შეხვედრას იხილავს #1TVSPORT
რაგბი | ლადო კილასონია - ვფიქრობ, მაყურებელი ორი ხისტი გუნდის საინტერესო შეხვედრას იხილავს #1TVSPORT

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იტალიასთან შეხვედრისთვის ემზადებიან. მატჩი 4 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომავალ მეტოქესა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მზადებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ ისაუბრა:

„იტალიას ბოლო წლებში ერთ-ერთი უძლიერესი 20-წლამდელთა ნაკრები ჰყავს. წელს მას „ექვს ერზეც“ კარგი შედეგები ჰქონდა. არგენტინასთან მწარე მარცხის შემდეგ შეძლეს და მასპინძლებს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მოუგეს. იტალია კარგად მომზადებული, მებრძოლი ხასიათის გუნდია, რომელიც კარგად იყენებს თავის ძლიერ მხარეებს და ეს სამხრეთ აფრიკასთან მატჩმაც დაგვანახა.

ჩვენი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დეტალებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, გადამწყვეტი იქნება. ვფიქრობ, მაყურებელი ორი ხისტი ხასიათის გუნდის საინტერესო შეხვედრას იხილავს“, – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, მეორე ტურში კი არგენტინის ნაკრებს „მშრალი“ ანგარიშით, 20:0 მოუგო.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სამივე ჯგუფის გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას. ორი უარესი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ითამაშებენ, ერთი მესამეადგილოსანი და ბოლოადგილოსნები კი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებენ.