რაგბი | ლადო კილასონია - ინგლისთან თამაშები განვითარებაში დაგვეხმარება #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე ემზადება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 7 და 12 ივნისს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ინგლისელ თანატოლებს უმასპინძლებენ.
ამ მატჩებისა და მსოფლიო თასისთვის მზადების შესახებ კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ გააკეთა:
„მზადების სტილში ბევრი არაფერი შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საფრანგეთთან თამაშის შემდეგ მეტ ყურადღებას ვამახვილებთ დეტალებზე. განვლილმა შეხვედრამ ნათლად დაგვანახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ინგლისთან ორი თამაში გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში დაგვეხმარება. ასევე, დაგვანახებს სურათს, თუ რამდენად შევძელით საფრანგეთთან მატჩის შემდეგ კონკრეტული დეტალების გაუმჯობესება. ეს იქნება ბოლო რეპეტიცია სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე და კიდევ ერთხელ მოვინიშნავთ იმ დეტალებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ.
საფრანგეთის ჩემპიონატებში პლეი ოფის მატჩები მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, ჯერ ზუსტად არ ვიცით, ინგლისთან რომელი ლეგიონერები შეძლებენ ჩამოსვლას. ჩვენი სურვილია, რომ ამ თამაშებშიც მაქსიმალურად ბევრ მორაგბეს მივცეთ თამაშის შესაძლებლობა“.
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთ მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.
ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
29 ივნისი, 18:30 | საქართველო – ავსტრალია
4 ივლისი, 16:00 | საქართველო -ირლანდია
9 ივლისი, 18:30 | საქართველო – იტალია