რაგბი | ლადო კილასონია - ახალ ზელანდიასთან თამაში დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები დღეს, 14 ივლისს მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მომავალ შეხვედრაზე კომენტარი საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ გააკეთა:
„უელსთან შეხვედრის შემდეგ ცხელ გულზე ვთქვი, რომ მეტოქე ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა, მაგრამ როდესაც თამაში დეტალურად გავარჩიეთ, დავინახე, რომ ასე ნამდვილად არ იყო. რამდენიმე შეცდომის გამო, რომელიც ჩვენ დავუშვით, მდევრის როლში აღმოვჩნდით და ამან ჩვენი გეგმები შეცვალა.
რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან თამაშს, ყველამ იცის, ჩვენი მომავალი მეტოქე როგორი სახიფათო და ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით, კონტრშეტევისას და მაშინ, როცა სწრაფი ბურთი აქვს. მათთან თამაში საქართველოს ნაკრებისთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. შევეცდებით, ჩვენი თამაში ერთი საფეხურით წინ წავწიოთ“.