საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე კარიერას საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) „ნევერში“ გააგრძელებს.
ჩაჩანიძე საფრანგეთის ელიტური პირველი დივიზიონის „ბაიონის“ წევრია. ბასკურმა კლუბმა სეზონის დაწყების წინ იგი იჯარით „ნევერში“ გაუშვა. ახალი კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი მორაგბის თამაშით კმაყოფილი დარჩა და მისი გუნდში დატოვება გადაწყვიტა.
„ბაიონთან“ მოლაპარაკების შემდეგ 22 წლის ჩაჩანიძემ „ნევერთან“ ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც მის კარიერაში პირველი პროფესიული კონტრაქტია.
„ნევერი“ საფრანგეთის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 76 ქულით მეოთხე ადგილზეა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოპოვებული აქვს. ქართველმა მეორეხაზელმა მიმდინარე სეზონში „ნევერში“ 13 შეხვედრა ჩაატარა, აქედან რვა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
ჩაჩანიძის გარდა, „ნევერში“ ილია კაიკაციშვილი, ლაშა ჯაიანი, თორნიკე მატარძე, რატი ზაზაძე და ლაშა ფხაკძე თამაშობენ.