რაგბი | კლაივ ვუდვორდი - ქართველებს სურთ დაამტკიცონ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებენ, მაგრამ ამისთვის შანსი სჭირდებათ #1TVSPORT
გამოცემა Daily Mail-მა ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშისა და მწვრთნელის, კლაივ ვუდვორდის სტატია გამოაქვეყნა, სადაც ვუდვორდმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბორჯღალოსნებს“ და მათთან ერთად, ესპანეთსა და პორტუგალიას უფრო მაღალ დონეზე თამაშის შესაძლელობა უნდა მიეცეთ.
„დიდი ხანია, მიმდინარეობს დებატები, რომ ექვსი ერის ტურნირზე პლეი ოფის სისტემა დაინერგოს – ექვსი ერის გათამაშების ბოლოადგილოსანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შეხვდეს.
ექვსი ერის ბოლო გათამაშებაში უელსმა ერთი თამაშიც ვერ მოიგო და ბოლო ადგილი დაიკავა. შესაძლოა, რაგბის ტრადიცია არ არის, მაგრამ ძალიან მომეწონა, როდესაც საქართველომ უელსი არაოფიციალურ შეხვედრაში გამოიწვია.
საქართველო მზარდი სარაგბო ქვეყანაა. გულდასაწყვეტია, რომ ბოლო მსოფლიო თასზე უფრო დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ ეს შესაძლოა, მოულოდნელიც არ იყო, რადგან ბოლო წლებში მათ მაღალი დონის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა ხშირად არ ეძლეოდათ.
აპრილის დასაწყისში ჩატარებული ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და დიდ ბრძოლაში მხოლოდ ბოლო წამებზე დამარცხდა ინგლისთან.
„ბორჯღალოსნებს“ რიჩარდ კოკერილის სახით ძლიერი მოტივატორი მწვრთნელი ჰყავთ. იმედია, შემოდგომაზე უელსთან მატჩში ჩატარდება, რაც ორივე ნაკრებისთვის კარგი იქნება – ისინი დაინახავენ, განვითარების რა დონეზე იმყოფებიან.
ქართველების ამჟამინდელ მდგომარეობას 25 წლის წინანდელი იტალიის სიტუაციას შევადარებდი. ქართველებს სურთ, დამტკიცონ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებენ, მაგრამ ამისთვის შანსი სჭირდებათ. ეს მხოლოდ საქართველოს ნაკრებს არ ეხება. ესპანეთისა და პორტუგალიის მსგავსი ქვეყნებიც იმსახურებენ უფრო მეტ შანსს.
დიდი ინტერესით ველი ზაფხულში ტესტმატჩებს, როდესაც საქართველოს ნაკრები ავსტრალიას, იაპონიასა და ტონგას შეხვდება, რაც მათი შესაძლებლობების დასამტკიცებლად შესანიშნავი შანსი იქნება. ასე რომ, მივმართავ ექვსი ერის ხელმძღვანელობას, მოვიდა დრო – გააღოთ კარი და შანსი სხვა ნაკრებებსაც მისცეთ“.