რაგბი | კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთის TOP 14-ში - ვასილ ლობჟანიძე კარიერას „ტულონში“ გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ვასილ ლობჟანიძე კარიერას საფრანგეთის TOP 14-ის კლუბ „ტულონში“ გააგრძელებს. იგი ახალ კლუბში ე.წ. „სამედიცინო ჯოკრის“ სტატუსით გადავიდა – ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ტულონში“ გადასვლამდე 27 წლის ლობჟანიძე „ბრივის“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. საქართველოს ნაკრებთან ერთად სამ მსოფლიო თასზე უთამაშია და ეს მის დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს.
„ტულონმა“ ცხრა ნომრის პოზიციაზე ახალი მოთამაშის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაპტის სერინმა ტრავმა მიიღო და გუნდს დაახლოებით ოთხი თვე გამოაკლდა.
ლორან ემანუელი, („ტულონის“ სპორტული დირექტორი): „ბაპტის სერენის ტრავმის შემდეგ იძულებულნი გავხდით, ახალი მოთამაშის ძებნა დაგვეწყო. როდესაც გავიგეთ, რომ ვასილ ლობჟანიძეს ახალ კლუბში სურდა თამაში, ამ შესაძლებლობის გამოყენება ვცადეთ და მასთან მოლაპარაკება დავიწყეთ.
ის საკმაოდ გამოცდილი მორაგბეა, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს თამაშის ტემპი, ტექნიკურია და კარგად თამაშობს ფეხით. დარწმუნებული ვართ, ვასილი კარგად შეეწყობა „ტულონს“ და გუნდის წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს“.
შეგახსენებთ, რომ „ტულონის“ ღირსებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მორაგბე, ბექა გიგაშვილი იცავს.