რაგბი | ხუთი ცვლილება სასტარტო შემადგენლობაში - რიჩარდ კოკერილმა ნიდერლანდებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | ხუთი ცვლილება სასტარტო შემადგენლობაში - რიჩარდ კოკერილმა ნიდერლანდებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 10 თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში 14:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიაში ჩაატარა და 28:17 მოიგო. იმ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილება შეიტანა, ოთხი ახალი მორაგბეა სათადარიგოთა შორის.

ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთი დებიუტანტია – მარქაფაშია მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 20-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურდა.

ნიდერლანდებთან მატჩში ცხრა ნომრის პოზიციაზე მიხეილ ალანიას თენგიზ პერანიძე შეცვლის. ორი სიახლეა ხაზში – მირიან მოდებაძემ ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო ფრთაზე მის ადგილს გამოცდილი სანდრო თოდუა დაიკავებს. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. მეორე ფრთაზე კი აკაკი ტაბუცაძე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ შარიქაძისთვის ეს ეროვნულ ნაკრებში – 101-ე, ხოლო თოდუასთვის 110-ე თამაში იქნება.

პირველი ხაზში კვლავ გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური ითამაშებენ. მეორე ხაზში ძირითადში დაწინაურდა მიხეილ ბაბუნაშვილი და ის გიორგი ჯავახიას შეუწყვილდება. ორი ცვლილებაა მესამე ხაზში – ილია სპანდერაშვილი ფლანკერად გადაინაცვლებს, მეორე ფლანკერი ბექა გორგაძე იქნება, რომელსაც გერმანიაში არ უთამაშია და გუნდს მიმდინარე კვირაში შეუერთდა, შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონიაა, რომელიც ნაკრებს გერმანიაში ტრავმის გამო დააკლდა.

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე („ბეზიე“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. გიორგი ჯავახია („გრენობლი“), 6. ილია სპანდერაშვილი („შავი ლომი“), 7. ბექა გორგაძე („პო“), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), 17. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 18. ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), 19. გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), 20. ბექა შვანგირაძე („ორიაკი“); 21. მიხეილ ალანია („ორიაკი“), 22. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 23. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“).