რაგბი | ჯავახიას ზედიზედ მეორე დუბლი - საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველებმა ექვსი ლელო დადეს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მერვე ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ შედეგიანი გამოდგა – ჩვენმა მოთამაშეებმა ექვსი ლელოს დადება მოახერხეს.

„ორიაკმა“ სტუმრად „მონ დე მარსანი“ 33:29 დაამარცხა, რაშიც გადამწყვეტი როლი ქართველმა მორაგბეებმა შეიტანეს – 33-დან 28 ქულა მათ ანგარიშზეა. ლელოები ლუკა ნიორაძემ და მიხეილ ალანიამ დადეს, დაჩი პაპუნაშვილმა კი სამი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

ნიორაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე ლელოა, ალანიამ თავი პირველად გამოიჩინა. ალანიას, პაპუნაშვილისა და ნიორაძის გარდა, „ორიაკის“ შემადგენლობაში ალექსანდრე ბურდულმაც ითამაშა.

„მონ დე მარსანის“ შემადგენლობაში ერთი ლელო (მიმდინარე სეზონში მეორე) იოანე იაშაღაშვილმა მიითვალა.

ქართველების შედეგიანი თამაშის მიუხედავად, „გრენობლი“ სტუმრად „მონტობანთან“ 25:30 დამარცხდა. გრენობლელთაგან ზედიზედ მეორედ შეასრულა დუბლი გიორგი ჯავახიამ, ერთი ლელო კი გიორგი პერტაიამ დადო.

ჯავახიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ოთხი ლელოა, პერტაიამ კი თავი მეორედ გამოიჩინა.