რაგბი | გამოცემა Planetrugby - საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია #1TVSPORT
17:38, 20.07.2024
საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტემატჩების სერიის მესამე მატჩი სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მართალია, „ბორჯღალოსნები“ 29:40 დამარცხდნენ, მაგრამ ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planetrugby-ისგან ქართველების თამაშმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა:
„ქუდი მოიხადეთ საქართველოს ნაკრების წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია. ქართველმა მორაგბეებმა ავსტრალიას ოთხი შესანიშნავი ლელო დაუდეს, ხოლო სიდნეიში შეკრებილ გულშემატკივარს ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზეს.
„ბორჯღალოსნებს“ შეუძლიათ, ბევრი რამ ისწავლონ ამ წაგებიდან. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან ტოლ-სწორად თამაში და მათთან გამარჯვებისთვის ბრძოლა ძალუძთ. ავსტრალიასთან მატჩის რიგ ეპიზოდებში ისინი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ავსტრალიის ნაკრებმა მოგება დაიმსახურა, რადგან მთლიანობაში ის მეტოქეზე უკეთესი იყო.
იაპონიაში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ საქართველო მზად იყო, ავსტრალიასთან ისტორიაში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა, ქართველ მორაგბეებს ამისთვის ძალისხმევა არ დაუშურებიათ, მაგრამ ამჯერად ვერ მოახერხეს. თუმცა შეუძლიათ იამაყონ, რომ ღირსეულად ითამაშეს და „ვოლაბებს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. „ბორჯღალოსნები“ ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულები. მთლიანობაში, სიდნეიში ფანტასტიკური სანახაობა იყო, მოთამაშეებმა ბრწყინვალე შოუ დადგეს.
ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე აკაკი ტაბუცაძე გახლდათ, რომლის მიერ დადებულმა ორმა ლელომ ყველას დაანახა მონდომება და შესაძლებლობები, რომლითაც თავად მას და საქართველოს ნაკრებს წაგებული მატჩის შემდეგაც სიამაყის გრძნობა გაუჩინა“, – წერს Planet Rugby საქართველოსა და ავსტრალიის მატჩის მიმოხილვაში.