რაგბი ევროპის სუპერთასი სექტემბერში დაიწყება - „შავი ლომის“ პირველი მეტოქე „იბერიანსი“ იქნება #1TVSPORT
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სექტემბერსა და ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის ბრძოლას დაიწყებს.
შარშანდელის მსგავსად, გუნდები სიძლიერის მიხედვით ორ ჯგუფად არიან გაყოფილი, თუმცა რვის ნაცვლად, შვიდი გუნდი მიიღებს მონაწილეობას – წელს სუპერთასზე ვერ ითამაშებს ისრაელის „თელ ავივ ჰითი“, რის გამოც A ჯგუფში სამი გუნდია და ტურნირი პლეი ოფის გარეშე, ჯგუფურ ეტაპთან ერთად დასრულდება.
„შავი ლომის“ მეტოქეები ესპანური „იბერიანსი“და პორტუგალიური „ლუზიტანუში“ იქნებიან. გათამაშება 2024 წლის 7 სექტემბერს დაიწყება – ქართული გუნდი პირველ ტურში დაისვენებს.
პირველ მატჩში „შავი ლომი“ 15 სექტემბერს ბურგოსში „იბერიანსს“ შეხვდება, ხოლო 21 სექტემბერს ლისაბონში „ლუზიტანუშს“ დაუპირისპირდება. 28 სექტემბერს და 12 ოქტომბერს ქართული გუნდი ორ თამაშს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ჩაატარებს, შესაბამისად – “იბერიანსთან“ და „ლუზიტანუშთან“.
სუპერთასის 2024 წლის სეზონი 20 ოქტომბერს დასრულდება.
დეკემბრიდან კი „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ფრანგულ „ვანსა“ და „ბაიონას“, უელსურ „სკარლეტსა“ და შოტლანდიურ „ედინბურგს“ შეხვდება.
რაგბი ევროპის სუპერთასი, „შავი ლომის“ თამაშების განრიგი:
15 სექტემბერი. ბურგოსი
„იბერიანსი“ (ესპანეთი) – „შავი ლომი“ (საქართველო)
21 სექტემბერი. ლისაბონი
„ლუზიტანუში“ (პორტუგალია) – „შავი ლომი“ (საქართველო)
28 სექტემბერი. თბილისი
„შავი ლომი“ (საქართველო) – „იბერიანსი“ (ესპანეთი)
12 ოქტომბერი. თბილისი
„შავი ლომი“ (საქართველო) – „ლუზიტანუში“ (პორტუგალია)