რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს - „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი ზედიზედ მერვედ მოიგეს #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს - „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი ზედიზედ მერვედ მოიგეს #1TVSPORT

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა, 43:5 დაამარცხა და 17 მარტს ტურნირის ფინალში ითამაშებს.

 

ამ შეხვედრაში გუნდები, ტრადიციულად, ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც იბრძოდნენ, რომელიც, მსოფლიო თასის მატჩების გარდა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ყველა საერთაშორისო შეხვედრის დროს თამაშდება.

ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. მას შემდეგ აღნიშნული თასი 24-ედ გათამაშდა – 18-ჯერ „ბორჯღალოსნებმა“ (მათ შორის, ბოლო რვა გათამაშებაში ზედიზედ) მოიგეს, 6-ჯერ – რუმინელებმა.

შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზე შეძლეს ანგარიშის გახსნა – ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო, მაგრამ მატკავამ გარდასახვა არაზუსტად დაარტყა – 5:0.

თამაში „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით გაგრძელდა და შესვენებამდე რამდენჯერმე ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ ტაიმის ბოლოს მოახერხეს შედეგიანი შეტევის განხორციელება – ლელო კვლავ ტაბუცაძემ დადო და საქართველოს ნაკრებმა ტაიმი 10:0 მოიგო.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, საქართველოს ნაკრები კვლავ ფლობდა უპირატესობას და ეს ანგარიშშიც აისახა – მეორე ნახევარში „ბორჯღალოსნებმა“ ხუთი ლელოს დადება მოახერხეს, აკაკი ტაბუცაძემ კი ამ შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა (სულ მას საქართველოს ნაკრებში 35 ლელო აქვს გატანილი), რასაც ტაიმის ბოლოს რუმინელებმა ერთი ლელოთი უპასუხეს.

საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 43:5 მოიგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მეტოქე მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. მატჩი ლისაბონში 3 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში შედგება.

ირაკლი ტყემალაძის ფოტოები (საქართველოს რაგბის კავშირი)