რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები რუმინეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ნაკრებები დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „ბორჯღალოსნების“ მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება.
შეხვედრა 2 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრაში გუნდები, ტრადიციულად, ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც იბრძოლებენ, რომელიც, მსოფლიო თასის მატჩების გარდა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ყველა საერთაშორისო შეხვედრის დროს თამაშდება.
ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. მას შემდეგ ანთიმოზ ივერიელის თასი 23-ჯერ გათამაშდა, 17-ჯერ (მათ შორის, ბოლო შვიდი გათამაშება ზედიზედ) ის საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 6-ჯერ კი რუმინელებს დარჩათ.