რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ლევან მაისაშვილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა - ნაკრებს კვესელაძე გამოაკლდა, გორგაძე დაუბრუნდა #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ლევან მაისაშვილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა - ნაკრებს კვესელაძე გამოაკლდა, გორგაძე დაუბრუნდა #1TVSPORT

19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს დაუპურისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გამარჯვებულის გამოსავლენად ფინალური შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის (და მისი წინამორბედი ევროპის ერთა თასის) 23-წლიან ისტორიაში პირველად გაიმართება.

გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ მეთხუთმეტედ შემართავენ თასს. სიმბოლურია, რომ საქართველოს ტურნირზე აქამდე ჩატარებული 118 თამაშიდან 99 აქვს მოგებული და ფინალში გამარჯვება მე-100, საიუბილეო მოგება იქნება(!).

ფინალური შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

 

გაფართოებული რაზმი

რუმინეთთან ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ გაფართოებულ რაზმში ცვლილებაა. ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და ბადახოსში ვერ ითამაშებს „გლოსტერის“ შუამარბი გიორგი კვესელაძე. ტრავმა მოიშუშა და პორტუგალიასთან გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება მესამეხაზელი ბექა გორგაძე.

„სამწუხაროდ, კვესელაძის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მას 8-იდან 12 კვირამდე გაუცდება და, ფაქტობრივად, სეზონი დაასრულა, რაც ძალიან სამწუხაროა. ახლა მთავარია რეაბილიტაციის პროცესი კარგად წარიმართოს, რათა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პერიოდს მზადყოფნაში შეხვდეს. ნაკრებს დაუბრუნდა ბექა გორგაძე. მთლიანობაში, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა:

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“, 36 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე („შავი ლომი“, 9 კეპი), სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“, 3 კეპი); ბექა გიგაშვილი („ტულონი“, 33 კეპი, 15 ქულა), გურამ პაპიძე („პო“, 8 კეპი, 5 ქულა), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“, 2 კეპი, 5 ქულა);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“, 96 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე („შავი ლომი“, 29 კეპი, 30 ქულა), თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“, 2 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“, 81 კეპი, 15 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“, 45 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“, 9 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“, 2 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე („მონტობანი“, 39 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე („ლიონი“, 35 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“, 28 კეპი, 30 ქულა), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, 21 კეპი, 25 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“, 19 კეპი, 20 ქულა), ბექა გორგაძე („პო“, 39 კეპი, 55 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, 74 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე („მონპელიე“, 44 კეპი, 27 ქულა), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“, 1 კეპი); თედო აბჟანდაძე („მონტობანი“, 41 კეპი, 329 ქულა), ლუკა მატკავა („შავი ლომი“, 6 კეპი, 36 ქულა);

ცენტრები:  მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, 92 კეპი, 80 ქულა, კაპ.), დემე თაფლაძე („შავი ლომი“, 24 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“, 2 კეპი);

ფრთები: სანდრო თოდუა („შავი ლომი“, 106 კეპი, 90 ქულა), აკა ტაბუცაძე („შავი ლომი“, 27 კეპი, 125 ქულა), ოთარ ლაშხი („შავი ლომი“, 1 კეპი, 5 ქულა);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“, 95 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი („ლიონი“, 20 კეპი, 43 ქულა).