რაგბი ევროპის ჩემპიონატი | ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების შვიდი მოთამაშე მოხვდა #1TVSPORT
რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ოფიციალურ ვებგვერდზე ტურნირის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრების შვიდი მოთამაშეა (ექვსი მოედანზე, ერთი მარქაფაში). ქართველების შემდეგ ყველაზე მეტი, ოთხი მორაგბე ფინალისტი პორტუგალიის ნაკრების წევრია, ორ-ორი მოთამაშე ესპანეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებიდან მოხვდნენ, ერთიც რუმინეთიდან.
„ბორჯღალოსანთაგან“ რჩეულთა შორის აკაკი ტაბუცაძე, გიორგი კვესელაძე, მერაბ შარიქაძე, ილია სპანდერაშვილი, ირაკლი აფციაური, ვანო კარკაძე და გიორგი ახალაძე (სათადარიგო) მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გერმანია (28:17), ნიდერლანდები (31:10) და ესპანეთი (38:3) დაამარცხა, ნახევარფინალში „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთს 43:5 მოუგეს, ფინალში კი პორტუგალია 36:10 დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მე-16-ედ (ზედიზედ მეშვიდედ) მოიპოვეს.