რაგბი ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალს თბილისში ითამაშებს #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა, 38:3 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ამ მატჩამდე ორივე გუნდს პლეი ოფში გასვლა გარანტირებული ჰქონდა, ურთიერთშეხვედრაში კი უნდა გარკვეულიყო, რომელი დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს, რითიც ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას მოიპოვებდა.
გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. საწყის წუთებში ესპანელებმა „ბორჯღალოსნებს“ დიდი წანააღმდეგობა გაუწიეს და ანგარიშიც მათ გახსნეს – ლოპესმა სტუმრები ზუსტი საჯარიმო დარტყმით 3:0 დააწინაურა.
ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ტაიმის მიწურულს თენგიზ პერანიძის ლელოთი და ლუკა მატკავას ზუსტად შესრულებული გარდასახვით ტაიმი 7:3 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე აკაკი ტაბუცაძემ კიდევ ერთი ლელო დადო. აქედან მოყოლებული „ბორჯღალოსნების“ უპირატესობა საგრძნობი გახდა, ესპანელებმა შეცდომების დაშვებას უმატეს, ერთ ეპიზოდში საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, არბიტრმა კი მათი ორი მოთამაშე 10 წუთით გააძევა მოედნიდან.
მატჩის დასრულებამდე საქართველოს ნაკრებმა კიდევ სამი ლელო დადო, საბოლოოდ კი შეხვედრა 38:3 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალს თბილისში ითამაშებს.
ნახევარფინალური შეხვედრები 2 და 3 მარტს არის ჩანიშნული.
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში, „ჟან ბუინზე“ გაიმართება, სადაც საშინაო შეხვედრებს ატარებს საფრანგეთის ჩემპიონატის (TOP 14) გუნდი „სტად ფრანსე“, რომლის ღირსებასაც ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი და გიორგი ცუცქირიძე იცავენ.
ირაკლი ტყემალაძის ფოტოები (საქართველოს რაგბის კავშირი)