რაგბი ევროპის ჩემპიონატი | საქართველო VS პორტუგალია - ფინალი, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს #1TVSPORT
პარიზის „სტად ჟან ბუინი“ 17 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს, რომელშიც „ბორჯღალოსნებს“ კარგად ნაცნობი „ოს ლობუში“, იგივე „მგლები“, ანუ პორტუგალიის ნაკრები დაუპირისპირდება.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 26-ჯერ შეხვედრიან. 18-ჯერ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა, პორტუგალიამ კი მოგება მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა. უცნაურია, მაგრამ ყველაზე მეტჯერ ფრედ სწორედ „ოს ლობუშთან“ გვაქვს ნათამაშები, გუნდებს შორის ოთხი დაპირისპირება დასრულდა საყაიმო ანგარიშით. ამ წყვილში უდიდესი სხვაობა 2006 წლის 11 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა. „მიხეილ მესხზე“ გამართული მატჩი საქართველოს ნაკრებმა 40:0 მოიგო.
ფრეებს მივუბრუნდეთ, რადგან 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრაში გუნდებმა 80 წუთის შემდეგ 18-18 ქულა დააგროვეს. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მარცხის ტოლფასი იყო, რადგან, 2003 წლის შემდეგ პირველად, უდიდეს სარაგბო ფორუმზე ასპარეზობა ისე დაასრულა, რომ ვერცერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა. მეტიც, პორტუგალიელებს რომ ბოლო წუთზე დადებული ჯარიმა არ აეცილებინათ, გამარჯვება მათ დარჩებოდათ.
სწორედ ამიტომაცაა, რომ „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა მატჩისწინა კომენტარში აქცენტი ემოციების კონტროლზე გააკეთა. ცხადია, რევანშის წყურვილი ძლიერია, თუმცა ამან მიზნის მიღწევაში – ზედიზედ მეშვიდედ, ხოლო ისტორიაში მე-16-ედ გაჩემპიონებაში გუნდს ხელი არ უნდა შეუშალოს.
რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას. ქართველმა მორაგბეებმა მორიგი წაუგებელი ჯგუფური ეტაპი მიითვალეს. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიის ნაკრების ანგარიშით 28:17 დამარცხების შემდეგ, სახლში ნიდერლანდებთან გამართული დაპირისპირება 31:10 მოიგო. ახალი მწვრთნელის, ინგლისელი რიჩარდ კოკერილის გარჯა ბოლო ორ შეხვედრაში უკეთ გამოჩნდა. უფრო ძლიერ მეტოქეებთან, ესპანეთსა და რუმინეთთან საქართველოს ნაკრებმა დიდი სხვაობით იმარჯვა – 38:3 და 43:5. საქართველოს საუკეთესო მელელოვე წელსაც აკაკი ტაბუცაძეა. გარემარბმა ტურნირზე ყველაზე მეტი – ხუთი ლელო დადო, მათ შორის მან ჰეთთრიქი შეასრულა რუმინელებთან გამართულ ნახევარფინალში. ტაბუცაძეს „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ 29 ლელო დაუგროვდა.
პორტუგალიელებმა ტურნირი მძიმედ დაიწყეს, თუმცა პირველი მატჩის ბელგიასთან სენსაციურად წაგების შემდეგ (6:10), „მგლებმა“ თამაში გამოასწორეს და მომდევნო ორი მეტოქე – პოლონეთი (54:7) და რუმინეთი (49:24) დიდი სხვაობით დაამარცხეს. „ოს ლობუშის“ ქომაგებს ნახევარფინალში ნერვიულობა მაინც მოუწიათ – ესპანელები, პრაქტიკულად, მთელი მატჩის მანძილზე უგებდნენ მასპინძლებს, მაგრამ ბოლო წუთებზე უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და 30:33 დამარცხდნენ. შედეგად, პორტუგალიამ ფინალის საგზური მოიპოვა.
27-ე შეხვედრას ორივე ნაკრების გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელის – ქართველებს კიდევ ერთხელ სურთ, დაადასტურონ, რომ „ექვსი ერის“ ქვეყნების მიღმა მათ კონტინენტზე სათანადო კონკურენტი არ ჰყავთ. თავის მხრივ, პორტუგალიელები კიდევ ერთხელ აპირებენ სარაგბო სამყაროს გაკვირვებას და ამას მათი თავკაცის სიტყვებიც ადასტურებს: „ფინალში მოედანზე მხოლოდ „ბორჯღალოსნების“ დასამარცხებლად გავალთ“, – განაცხადა ჟოაო მირამ.
მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის და თუკი ბოლო წლებში „ბორჯღალოსნების“ ქომაგებს კონტინენტურ პირველობაზე მეტად პირველი რანგის გუნდებთან დუელი აინტერესებდათ, ამ შემთხვევაში მოლოდინი „რაგბი ევროპის“ ფინალისადმიც განსაკუთრებულია.