საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარცხა (ვიდეო/ფოტო)
17:49, 17.03.2019
ქალაქ კრასნოდარში დასრულდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩს ჩვენი ბორჯღალოსნები ჩემპიონის სტატუსით შეხვდნენ და შედეგი სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. მიუხედავად ამისა, საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას ყოველთვის ახლავს ინტრიგა, რაც არც ამ მატჩს აკლდა.
პირველი ტაიმი საკმაოდ თანაბარი გამოდა და ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის გატეხვა მხოლოდ ბოლოს შეძლეს, როდესაც რამდენიმეფაზიანი შეტევა საჯარიმო ლელოთი დასრულდა. მანამდე გუნდებმა თითო ზუსტი საჯარიმო შეასრულეს და შედეგად ტაიმი 3-10 დამთავრდა ქართველთა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა დებიუტშივე შეძლეს მეორე ლელოს დადება. ეს ცუცქირიძემ მოახერხა და ანგარიში 3-15 გახდა.
57-ე წუთზე წუთზე რუსებმა ანგარიში ოდნავ შეამცირეს, როდესაც კუშნიაროვმა კვლავ ზუსტად დაარტყა საჯარიმო, თუმცა 56-ე წუთზე მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო შეასრულა, რასაც მალაღურაძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 6-22 გახდა.
ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა.