რაგბი ევროპის ჩემპიონატი | ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატი | ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა 5 მარტს, „ავჭალის“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში „ანთიმოზ ივერიელის თასი“ (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება. აქამდე ეს თასი საქართველომ – 15-ჯერ, რუმინეთმა კი 6-ჯერ მოიპოვა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთის (ტორელავეგაში) 41:3 დამარცხების შემდეგ შემადგენლობაში სამი ცვლილებაა – ორი შერკინებაში და ერთიც მარქაფაში.

წელს პირველად მარცხენა ბურჯად თამაშს იწყებს გურამ გოგიჩაშვილი. როტაციის პრინციპით კვაჭის პოზიციაზე ბრუნდება გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ ბექა გიგაშვილი იქნება.

უცვლელია ღერძი და ხაზი. ვასილ ლობჟანიძეს მგეზავი თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება, რომელიც 3 ქულის აღების შემთხვევაში, „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში საუკეთესო მექულეთა შორის მალხაზ ურჯუკაშვილს (325 ქულა) გაუტოლდება და მეორე ადგილზე აღზევდება.

ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან; ფულბეკის პოზიციაზე დავით ნინიაშვილს ვიხილავთ, ფრთებზე კი სანდრო თოდუასა და აკა ტაბუცაძეს. ტაბუცაძე (26 თამაშში, 24 ლელო) მორიგი ლელოს გატანის შემთხვევაში საუკეთესო მელელოვეთა სიაში დავით კაჭარავას გაუტოლდება და მეორე ადგილზე დაწინაურდება. პირველ პოზიციაზე 27 ლელოთი მამუკა გორგოძეა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 19 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 26 კეპი, 120 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 45 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 91 კეპი, 75 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 105 კეპი, 85 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 40 კეპი, 322 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 73 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 28 კეპი, 30 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 32 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 44 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 80 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 27 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 34 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 20 კეპი, 25 ქულა);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 95 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 8 კეპი), 18. გურამ პაპიძე (პო, 7 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 8 კეპი, 5 ქულა), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 38 კეპი, 50 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 43 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 5 კეპი, 34 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 5 ქულა).

აქვე გეტყვით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში 4 მარტს ლისაბონში პორტუგალია ესპანეთს უმასპინძლებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.