რაგბი ევროპის ჩემპიონატი | გერმანიაში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT
4 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალ სეზონს ქალაქ დესაუში გერმანიასთან მატჩით გახსნის.
ამ შეხვედრისთვის გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადებოდა. გერმანიაში გამგზავრებამდე კოკერილმა ღია ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
საწვრთნელი პროცესი საათ-ნახევარი გაგრძელდა, საკმაოდ ინტენსიური გამოვიდა და მაქსიმალურად მიახლოებული იყო სათამაშო სიტუაციასთან. ორ ნაწილად გაყოფილი „ბორჯღალოსნები“ სხვადასხვა კომბინაციას ამუშავებდნენ.
მცირე ტრავმების გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ თორნიკე ჯალაღონიასა და დავით ნინიაშვილს, რომლებიც გერმანიასთან თამაშს გამოტოვებენ.
რიჩარდ კოკერილი: „პირველი სავარჯიშო კვირა კარგად დაიწყო. ბევრი ვიმუშავეთ დეტალებზე და გერმანიასთან თამაშისთვის მზად ვართ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყოველთვის არის ცვლილებები, გუნდში მრავლად გვყავს დებიუტანტები. არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოვიძახეთ – ისინი საფრანგეთში დარჩნენ და ამ უქმეებზე კლუბების შემადგენლობაში ითამაშებენ.
მიგვაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა – მსურს, საქმეში ახალი მოთამაშეები ვიხილო, ზოგიერთი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა, ზოგი – შედარებით გამოცდილი და კვირას ვნახავთ, ვინ აღმოჩნდება უკეთ მომზადებული. მოგება მთავარი პრიორიტეტია და ყოველთვის ამისთვის ვითამაშებთ“.