რაგბი ევროპა 2022 | ბორჯღალოსნებმა რუმინელები ბუქარესტში დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, 12 მარტს, ბუქარესტში, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.
შეხვედრის პირველი წუთები თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ვასილ ლობჟანიძემ (მე-11 წუთზე) მოულოდნელი, შესანიშნავი გარღვევით ლელო დადო და ჩვენს ნაკრებს პირველი ქულები მოუტანა. თედო აბჟანდაძემ საკმაოდ რთული კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 0:7 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ.
გაშვებული ლელოს შემდეგ, რუმინელები გამოცოცხლდნენ და მალევე (მე-19 და 22-ე წუთებზე) ორი ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს – 6:7.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 30-ე წუთზე რუმინელები დაალელოვა, რასაც აბჟანდაძის მიერ უნაკლო გარდასახვა დაემატა და ბორჯღალოსნებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს – 6:14
36-ე წუთზე ნინიაშვილმა შესანიშნავი გარღვევის შემდეგ ბურთი თოდუას მიაწოდა. ამ კომბინაციამ კიდევ ერთი ლელო მოგვიტანა, თედო აბჟანდაძემ ურთულესი პოზიციიდან დაარტყა და 6:21 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
თუმცა იმავე წუთზე (39-ე), როცა აბჟანდაძემ გარდასახვით + 2 ქულა შეგვძინა, რუმინელებმა უსწრაფესი შეტევა წამოიწყეს, რომელიც ლელოთი დაგვირგვინდა, გარდასახვაც ზუსტად შესრულდა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 13:21 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მატჩის მეორე ნახევრის პირველივე წუთებში (მსაჯთან კამათის გამო) ბორჯღალოსნები დაჯარიმდნენ, რუმინელებმა კი შანსი გამოიყენეს და სხვაობა შეამცირეს – 16:21.
მომდევნო პერიოდშიც რუმინელები გააქტიურდნენ და თამაშში გარდატეხის შეტანაც შეეძლოთ, როცა შეტევის მოგერიებისას მსაჯმა გელა აფრასიძე მოედნიდან გააძევა და მეტოქეს ლელოს ხაზამდე რამდენიმე მეტრი რჩებოდა. საბედნიეროდ, რუმინელმა მორაგბემ უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი წინ დაუვარდა და ჩვენი ნაკრები აშკარა ლელოს გადაურჩა.
75-ე წუთზე ნინიაშვილის გადაცემის შემდეგ ტაბუცაძემ რუმინელები დაალელოვა და ბორჯღალოსნებს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა.
საქართველოს ნაკრებს მატჩის ბოლო პერიოდში გაუჭირდა, რუმინელებმა ლელოც დაგვიდეს, მაგრამ მძიმე, დაძაბული თამაში ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა – 23:26.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა).