რაგბი | ექვსი ცვლილება შემადგენლობაში - „შავი ლომი“ „სკარლეტსთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
15 დეკემბერს „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშების მეორე ტურში „სკარლეტსს“ დაუპირისპირდება, რომელმაც პირველი შეხვედრა საფრანგეთში „კასტრთან“ ჩაატარა და 16:34 დამარცხდა.
„შავი ლომისა“ და „სკარლეტის“ შეხვედრა უელსის ქალაქ ჰლანეჰლიში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 სათზე დაიწყება.
ამ მატჩისთვის სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. უელსში „შავი ლომი“ დანაკლისით გაემგზავრა – ტრავმების გამო გუნდს გიორგი კვესელაძე, ილია სპანდერაშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი ვერ დაეხმარებიან.
„გლოსტერთან“ მატჩის შემდეგ ქართული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა. წინა მატჩში მარქაფაში იყო, ამჯერად კი სასტარტოშია ფულბეკი მირიან მოდებაძე. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება, ფრთაზე კი თამაშს სანდრო თოდუას ნაცვლად ოთარ ლაშხი დაიწყებს.
„შავი ლომის“ შემადგენლობაში სადებიუტი შეხვედრას ჩაატარებს კვაჭი გელა მახარაშვილი, რომელიც „სკარლეტსთან“ მატჩს მაქრაფიდან იწყებს. სათადარიგოა მესამეხაზელი საბა კურტანიძე, რომელმაც გუნდის შემადგენლობაში პირველად სამხრეთამერიკული ტურნეს დროს ითამაშა და ახლა გუნდს უფრო მაღალი დონის შეხვედრაში უბრუნდება.
ესპანურ „იბერიანსთან“ რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში „შავი ლომის“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა და ახლა მეორე თამაშს ატარებს გიორგი ჯობავა. ჩელენჯ თასზე ასევე დებიუტი ექნებათ „ბორჯღალოსნებს“, ოთარ ლაშხსა და გრიგორ ქერდიყოშვილს.
უცვლელია ღერძი – თენგიზ პერანიძე კვლავ ლუკა მატკავას შეუწყვილდება, მეორე ფრთაზე საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძე ითამაშებს. კვაჭის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა ბექა მამრიკიშვილი, ძირითადში იწყებენ თამაშს ბურჯები, დათო აბდუშელიშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი.
მეორე ხაზში ტრავმირებული მიხეილ ბაბუნაშვილის ნაცვლად, ნოდარ ჭეიშვილს გრიგორ ქერდიყოშვილი შეუწყვილდება. წელს პირველად შეიცვალა მესამე ხაზი, რაც ილია სპანდერაშვილის ტრავმითაა განპირობებული. ლუკა ივანიშვილმა შემკვრელად გადაინაცვლა, ფლანკერად გიორგი კერვალიშვილი დაწინაურდა, ხოლო მეორე ფლანკერი სანდრო მამამთავრიშვილია.
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.