რაგბი | ექვსი ცვლილება „ბორჯღალოსნებში“ - რიჩარდ კოკერილმა ავსტრალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | ექვსი ცვლილება „ბორჯღალოსნებში“ - რიჩარდ კოკერილმა ავსტრალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

20 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტმატჩების სერიის ბოლო შეხვედრას სიდნეიში, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. „ალიანს სთედიუმზე“ შეხვედრა თბილისის დროით 09:45 საათზე დაიწყება.

„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა „ვოლაბებთან“ შეხვედრისთვის 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. იაპონიასთნ მოგებული (25:23) მატჩის შემდეგ მწვრთნელმა შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა – ოთხი სასტარტოში და ორიც სათადარიგეობში.

ბურჯებად თამაშს გიორგი მამაიაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია იწყებენ, კვაჭი კვლავ ვანო კარკაძე იქნება. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს ამჯერად მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში – სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურდა თორნიკე ჯალაღონია, გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ ფლანკერად გადაინაცვლა, ხოლო მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა.

უცვლელია ხაზი, სადაც ღერძზე მიხეილ ალანია და ლუკა მატკავა ითამაშებენ. ცენტრში – გიორგი კვესელაძე და დემე თაფლაძე, ფრთებზე კი აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან, ფულბეკი დავით ნინიაშვილია.

აღსანიშნავია, რომ სანდრო თოდუასთის ეს საქართელოს ნაკრებში 115-ე მატჩი იქნება და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება. 36 წლის სანდრო თოდუამ „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში პირველად 2008 წელს, ჩეხეთთან ითამაშა და აქამდე ჩატარებულ 114 თამაშში 19 ლელო გაიტანა.

სათადარიგოებში დაბრუნდა ლუკა პეტრიაშვილი, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ფიჯისთან მატჩში ჰქონდა, ხოლო მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი მიმდინარე ზაფხულში პირველ თამაშს ჩაატარებს. მათ გარდა, სათადარიგოებიდან ჩაერთვებიან თამაშში ირაკლი აფციაური, გიორგი ცუცქირიძე, ლუკა გოგინავა, ლუკა ივანიშვილი, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.

ავსტრალიასთნ მომავალ მატჩზე კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა გააკეთა:

„ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ჩემი სურვილია თითოეული პოზიციაზე კონკურენცია გავზარდო და ამავდროულად, გუნდი გადავახალისო. მოუთმენლად ველით თამაშს. ავსტრალია ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი სამწვრთნელო შტაბით. ჯო შმიდტის გარშემო ძლიერი გუნდი შეიკრიბა. ჩვენ მათთან არასდროს გვითამაშია მსოფლიო თასს მიღმა, არასდროს გვითამაშია ავსტრალიაში მათ წინააღმდეგ და არასდროს დაგვიმარცხებია ისინი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი“.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), 12. გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), 11. სანდრო თოდუა („შავი ლომი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. მიხეილ ალანია („ორიაკი“);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), 4. ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 6. ბექა გორგაძე („პო“, კაპ.), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“), 8. თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი („სტად ფრანსე“), 17. ლუკა გოგინავა („მონ-დე-მარსანი“), 18. ირაკლი აფციაური („ლიონი“), 19. ლაშა ჯაიანი („ნევერი“), 20. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), 21. გიორგი ცუცქირიძე („შავი ლომი“); 22. ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), 23. თედო აბჟანდაძე („ორიაკი“).