რაგბი | დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონის (TOP 14) მე-13 ტურში „ლიონმა“ „პერპინიანი“ 36:24 დაამარცხა. ლიონელთა შემადგენლობაში 80 წუთი ითამაშა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა – ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
„ლიონმა“ ამ შეხვედრაში სამი ლელო დადო და ქართველმა მორაგბემ სამივეში მიიღო მონაწილეობა – პირველ ორ შემთხვევაში ბოტამ და ალენმა ლელოები უშუალოდ ნინიაშვილის პასების შემდეგ დადეს, მესამე ლელოს დროს კი ფიჯელმა ლეგიონერმა, სემი რადრადრამ ხაზი დავითის შორეული პასის შემდეგ გაჭრა და შემდეგ თანაგუნდელ კუიუს ლელო დაადებინა.
13 ტურის შემდეგ „ლიონი“ 24 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 თებერვალს სტუმრად „კლერმონთან“ ჩაატარებს, თუმცა ამ დროს ნინიაშვილი სანაკრებო შეკრებაზე იქნება და ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს – 4 თებერვალს საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში სტუმრად გერმანიას ეთამაშება.