„რაგბი ჩემფიონშიფი“ საფრთხეშია - მარიო ლედესმა და არგენტინის ნაკრების კიდევ ოთხი მორაგბე კორონავირუსით დაინფიცირდნენ
კორონავირუსმა „რაგბი ჩემფიონშიფს“ (Rugby Championship) მორიგი დარტყმა მიაყენა – არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ და ოთხმა მორაგბემ COVID 19-ის ტესტზე დადებითი პასუხები მიიღეს. გუშინდელმა ტესტირებამ გამოავლინა, რომ კორონავირუსი აქვთ მწვრთნელებს – ნიკოლას ფერნანდეზ მირანდას და ხუან მარტინ ფერნანდეს ლობესაც. რაც შეეხება მორაგბეებს, ვირუსი ფელიპა ეზკურას, მატიას მორონის, ტომას კუბელის და მატიას ორლანდოს აღმოაჩნდათ. მთლიანობაში, კორონავირუსი არგენტინის ნაკრების 11 მორაგბეს და სამ მწვრთნელს აქვს.
მორკინალი ხავიერ ორტეგა დესიო პირველი არგენტინელი მორაგბე იყო, რომელმაც ტესტზე დადებითი პასუხი აგვისტოს მიწურულს მიიღო და როგორც ჩანს, ვირუსი გუნდში სწრაფად გავრცელდა.
აღნიშნულის შესახებ სანზაარს (SANZAAR), რომელიც სამხრეთული რაგბის მმართველი ორგანოა, ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. გეგმის მიხედვით, „რაგბი ჩემფიონშიფის“ კალენდარი პარასკევს უნდა გახდეს ცნობილი და ტურნირის მასპინძლობის ფავორიტი ავსტრალიაა.
საგულისხმოა, რომ არგენტინელები წელს ფაქტობრივად რაგბის გარეშე დარჩნენ – გაუქმდა „სუპერ რაგბი“ (Super Rugby), ტურნირი, რომელზეც „ხაგუარესი“ მონაწილეობდა. აგრეთვე, ვირუსის გამო გუნდმა ხარისხიანი შეკრების გავლა ვერ მოახერხა.
გასულ კვირაში COVID 19-ის ტესტზე დადებითი პასუხები ხუან კრუზ მაჟამ, ემილიანო ბოფელიმ, ბაუტისტა დელგიმ, როდრიგო ფერნანდოს კრიადომ, ბაუტისტა პედემონტემ და ლუკას ბურმა მიიღეს.