რაგბი | ჩელენჯ თასზე, სადებიუტო მატჩში „შავი ლომი“ „გლოსტერთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ჩელენჯ თასის სადებიუტო შეხვედრაში ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ინგლისურ „გლოსტერს“ დაუპირისპირდა და, დიდი ბრძოლის მიუხედავად, 10:15 დამარცხდა.
„შავი ლომის“ პირველი მეტოქე დიდი ისტორიისა და ტიტულების მქონე კლუბი იყო, რომელიც 1873 წელს დაარსდა. არსებობის ისტორიაში მან ხუთჯერ მოიგო ანგლო-უელსის თასი (1972, 1978, 1982, 2003, 2011), ხოლო ინგლისის პრემიერშიფში ოთხჯერ დაიკავა მეორე ადგილი (1989, 1990, 2003, 2007).
„გლოსტერს“ ევროპის საკლუბო ტურნირებში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს. გუნდი სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა და ჩელენჯ თასზე, ეს ტურნირი ორჯერ აქვს (2006 და 2015) მოგებული, ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2017 და 2018). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, წყვილის ფავორიტადაც ინგლისური კლუბი მიიჩნეოდა.
თამაშიც მათი აქტიურობით დაიწყო და მე-11 წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში ჯორჯ ბარტონმა გახსნა. მანვე რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და „გლოსტერი“ 6:0 დაწინაურდა.
სასტარტო მღელვარების დაძლევის შემდეგ „შავი ლომი“ გააქტიურდა და მე-20 წუთზე ლელოც დადო – ლუკა მატკავამ მოედნის ცენტრში შესანიშნავად იმოქმედა, ცრუ მოძრაობით მეტოქე ჩამოიცილა და ტურნირზე „შავი ლომის“ პირველი ლელოს ავტორი გახდა, რომელიც თავადვე გარდასახა და გუნდი დააწინაურა – 7:6.
რამდენიმე წუთში, აუტიდან მოწოდებული ბურთის მოგების შემდეგ „შავი ლომის“ მორაგბეებმა მოლი „ააგორეს“ და მეორე ლელოც დადეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ წესების დარღვევა დააფიქსირა და ანგარიში უცვლელი დარჩა. ტაიმის ბოლოს ბარტონმა მესამე ჯარიმის გატანა მოახერხა და ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 9:7.
მეორე ტაიმში პირველი ქულები კვლავ სტუმრებმა მოიპოვეს – ამჯერადაც ბარტონის ზუსტი ჯარიმით 12:7 დაწინაურდნენ.
„შავი ლომი“ შეტევებს განაგრძობდა და 67-წუთზე ლუკა მატკავამ ზუსტი ჯარიმით ანგარიში კვლავ შეამცირა – 12:10.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბარტონმა მეხუთე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა კვლავ ხუთქულიანი გახადა. საბოლოოდ, „შავმა ლომმა“, დიდი ბრძოლის მიუხედავად, თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და 10:15 დამარცხდა, თუმცა ერთი სანუგეშო ქულის მოპოვება შეძლო.
„შავი ლომის“ ჯგუფში „კლერმონმა“ „ედინბურგი“ ბონუსქულით 31:18 დაამარცხა, ასევე ბონუსქულით მოუგო „კასტრმა“ „სკარლეტსს“ – 34:16.
„შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე მომდევნო შეხვედრას 16 დეკემბერს უელსური „სკარლეტსის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.