რაგბი | ბექა გორგაძის პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ქართველმა ლეგიონერებმა წარმატებული მატჩები ჩაატარეს.
TOP 14-ში „პომ“ საკუთარ მოედანზე „ვანს“ უმასპინძლა და 30:16 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის ქართველი კაპიტანი, ბექა გორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მიმდინარე სეზონში პირველი ლელოს დადება მოახერხა, გურამ პაპიძე მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა. გორგაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) „ორიაკმა“ „ბეზიეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 16:15 დაამარცხა. მასპინძელთა 16 ქულიდან 11 ქართველების ანგარიშზეა – თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა, ერთი ზუსტი საჯარიმო კი დაჩი პაპუნაშვილმა მიითვალა.
„ნევერისა“ და „მონტობანის“ შეხვედრაში ნიკა რაგოევმა ლელოს დადება კი მოახერხა, მაგრამ „ნევერი“ 13:16 დამარცხდა.