რაგბი | ბადრი ალხაზაშვილი „ნიცადან“ „მონტობანში“ გადავიდა #1TVSPORT
27 წლის ქართველი მორაგბე ბადრი ალხაზაშვილი კარიერას საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) გუნდ „მონტობანში“ განაგრძობს, მან ახალ გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ალხაზაშვილი ბოლოს „ნიცას“ ღირსებას იცავდა, სადაც ჩატარებული 19 მატჩიდან 13-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
„მონტობანში“ გადასვლამდე ბადრი რამდენიმე ფრანგულ კლუბში თამაშობდა. კარიერა „ტულონში“ დაიწყო, საიდანაც „პროვანსში“ გადავიდა. 19 მატჩი ჩაატარა საფრანგეთის მთავარ დივიზიონში (TOP 14), ცხრაჯერ უთამაშია ჩემპიონთა თასზე. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ალხაზაშვილი „მონტობანში“ ერთადერთი ქართველი მორაგბე არ იქნება – ამ გუნდში თამაშობენ თედო აბჟანდაძე და ოთარ გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „მონტობანმა“ 12 მატჩი მოიგო, 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონსაც რანგით მეორე ფრანგულ დივიზიონში დაიწყებს.