რაფაელ ნადალმა ზედიზედ მეორე გრუნტის ტურნირი ჩააგდო
რაფაელ ნადალმა ზედიზედ მეორე გრუნტის ტურნირი ჩააგდო

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა თავის საყვარელ გრუნტის საფარზე ზედიზედ მეორე ტურნირი წააგო. მონაკოს „მასტერსზე“ ჩავარდნის შემდეგ „გრუნტის მეფემ“ ვერ შეძლო ბარსელონას ტურნირზე ფინალში გასვლა. მან ორ სეტში წააგო ავსტრიელ დომინიკ ტიმთან – 4:6, 4:6.

შეხვედრა ორი საათი და ხუთი წუთი გრძელდებოდა. მთელი მატჩის განმავლობაში ტიმი ფლობდა უპირატესობას – ავსტრიელმა 12 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორი ბრეიკი შეასრულა, რისი წყალობითაც 6:4, 5:4 დაწინაურდა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. და სწორედ შეხვედრის ბოლო გეიმში მოიპოვა ნადალმა პირველი ბრეიკ-პოინტები – სამი შანსი ჰქონდა, მაგრამ ტიმმა საფრთხე მოიგერია.

ავსტრიელმა მეოთხედ დაამარცხა ნადალი გრუნტზე. უფრო მეტჯერ ამ საფარზე ესპანელი ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰყავს დამარცხებული – შვიდჯერ.

საინტერესოა, რომ ნადალმა კარიერაში პირველად წააგო ბარსელონაში. ამ ქალაქში მას 11 ტიტული აქვს მოგებული.

დომინიკ ტიმი ფინალში რუს დანიილ მედვედევს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი დაამარცხა.