რაფაელ ნადალმა სამ სეტში მოუგო ნოვაკ ჯოკოვიჩს და "დიდი სლემზე" ტიტულებით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა
როლან გაროსის მამაკაცთა ფინალში ჩოგბურთის ისტორიაში მთავარი დაპირისპირება გაიმართა – 56-ე მატჩი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ესპანელ რაფაელ ნადალს შორის. ნოვაკი წინ იყო – 29:26, მაგრამ საფრანგეთის ღიაზე ნადალს შვიდიდან ექვსი შეხვედრა ჰქონდა მოგებული სერბისთვის.
ფინალის მოგების შემთხვევაში, ნადალი „დიდი სლემის“ მე-20 ტიტულს მოიპოვებდა და გაუთანაბრდებოდა ამ მაჩვენებლით აბსოლუტურ რეკორდსმენ როჯერ ფედერერს. თან ეს იქნებოდა როლან გაროსიზე ნადალის მე-100 მოგებული მატჩი (102 შეხვედრაში). თავის მხრივ, ჯოკოვიჩს ჰქონდა მე-18 „მეიჯორის“ მოგების შანსი, რითაც კიდევ უფრო მიუახლოვდებოდა ნადალსა და ფედერერს.
ფინალმა არ გაამართლა ჩოგბურთის მოყვარულთა მოლოდინი. ორ საათსა და 43 წუთში ნადალმა სამ სეტში მოიგო – 6:0, 6:2, 7:5.
პირველ სეტში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ვერც ერთი გეიმი ვერ მოიგო. ნადალს ყველაფერზე ჰქონდა პასუხი – ერთხელ მეტოქის გეიმი მაშინ მოიგო, როცა ნოვაკი 40:0 იყო დაწინაურებული, მეოთხე გეიმში კი სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. მთელი პარტიის განმავლობაში, ნადალმა მხოლოდ ორი უნებლიე შეცდომა დაუშვა (ჯოკოვიჩმა -11), რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამი გამოიყენა. სერბმა ძალიან ცუდად ითამაშა პირველ მოწოდებაზე – მხოლოდ სამი გათამაშება მოიგო 11-დან. ნადალმა ორი ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი არ ჰქონია, ჯოკოვიჩს პირიქით, ნული ეისი და ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ეს იყო ნოვაკის კარიერაში მხოლოდ მესამე შემთხვევა, როცა მან სეტი „მშრალი“ ანგარიშით წააგო.
მეორე სეტში ჯოკოვიჩი საერთოდ ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე (რაფამ თავის გეიმებში მხოლოდ შვიდი ქულა წააგო), ნადალმა კი რვა ასეთი შანსი მიიღო და ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ესპანელს ამ სეტშიც შეეძლო ზედიზედ ექვსი გეიმის მოგება – პირველი გეიმი ჯოკოვიჩმა აიღო, რის შემდეგაც, რაფამ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, მაგრამ ნოვაკმა შეძლო ამ სერიის შეწყეტა, თუმცა, მომდევნო გეიმში ნადალმა სეტზე ჩააწოდა. ესპანელმა ამ სეტშიც ძალიან ცოტა – ოთხი უნებლიე შეცდომა დაუშვა, ჯოკოვიჩს კი 17 შეცდომა ჰქონდა.
მესამე სეტში ჯოკოვიჩმა ბრძოლა მოახერხა. სტარტზე ორ-ორი გეიმის გაცვლის შემდეგ, ნადალმა ბრეიკი შეასრულა და ძალიან მიუახლოვდა საბოლოო გამარჯვებას, მაგრამ სერბმა იქვე შეასრულა უკუბრეიკი და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, ჯოკოვიჩი კიდევ ერთი კრიტიკული მომენტიდან გამოძვრა, როცა მეცხრე გეიმში ბრეიკ-პოინტი მოიგერია. თუმცა, ანალოგიურ სიტუაციაში ვერ გადაარჩინა მე-11 გეიმში საკუთარი მოწოდება და ამის შემდეგ, ნადალმა ტიტულზე ჩააწოდა.
რაფაელ ნადალმა მე-13 გამარჯვება მოიპოვა როლან გაროსზე.