რაფაელ ნადალმა რომის „მასტერსზე“ მეორე იოლი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)
შესანიშნავ ფორმას აჩვენებს თებერვლის შემდეგ თავის პირველ ტურნირში ესპანელი რაფაელ ნადალი. მან რომის „მასტერსის“ მერვედფინალში 6:1, 6:3 დაამარცხა სერბი დუშან ლაიოვიჩი და მეთხუთმეტედ გავიდა ამ ტურნირის მეოთხედფინალში.
მსოფლიოს მეორე ჩოგანი დომინირებდა კორტზე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. 11 გეიმის შემდეგ, ესპანელი 6:1, 4:0 იყო დაწინაურებული, რის შემდეგაც ლაიოვიჩმა გაბრძოლება მოახერხა და ზედიზედ სამი გეიმი აიღო, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო.
სხვათა შორის, ლაიოვიჩი გრუნტზე თამაშის სპეციალისტად მიიჩნევა – შარშან ის მონტე კარლოს „მასტერსის“ ფინალში გავიდა, ხორვატიის უმაგში კი ტიტული აიღო.
რომში ჩატარებულ ორ მატჩში ნადალმა მეტოქეებს მხოლოდ ექვსი გეიმი დაუთმო, მეტოქის მოწოდებაზე კი 15-დან 11 გეიმის აღება შეძლო.
მეოთხედფინალში ნადალი არგენტინელ დიეგო შვარცმანს შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 9:0 იგებს.