რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და რომის „მასტერსი“ მოიგო #1TVSPORT
რომის „მასტერსის“ ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა. მან ფინალში 2 საათსა და 50 წუთში დაამარცხა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი – 7:5, 1:6, 6:3.
მატჩში პირველი ბრეიკი ჯოკოვიჩმა აიღო და 2:0 დაწინაურდა. თუმცა, ამის შემდეგ პარტიის ბოლომდე სერბს ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია, ნადალმა კი ასეთი შანსი სამ გეიმში მიიღო და ორი გამოიყენა – მესამე და მე-11 გეიმებში. ამან მას პირველ სეტში მოგება მოუტანა.
მეორე სეტი ჯოკოვიჩის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. მართალია, პარტიაში პირველი ბრეიკ-პოინტი ნადალს ჰქონდა (რომელიც ესპანელმა ვერ გამოიყენა), მაგრამ 1:1-დან ნოვაკმა ზედიზედ ხუთი გეიმის აღება შეძლო და თამაში მესამე სეტში გადაიყვანა.
გადამწყვეტ პარტიაში კულმინაცია მეხუთე და მეექვსე გეიმებში იყო. მეხუთეში ჯოკოვიჩმა ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, მომდევნო გეიმში კი ნადალმა „მშრალად“ მოიგო სერბის მოწოდება და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ესპანელმა დამაჯერებლად მიიყვანა საქმე მოგებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ რაფამ რომში მეათე ტიტული მოიპოვა.
ნადალი გაუთანაბრდა ჯოკოვიჩს „მასტერსის“ სერიების ტურნირებზე გამარჯვებებით – 36-36 ტიტული. ისინი რეკორდსმენები არიან ამ მაჩვენერლით.
რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრათა ანგარიშს, ნადალმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა – 29:28 სერბის წინააღმდეგ.