რაფაელ ნადალმა მედვედევთან მატჩში მატჩბოლი მოიგერია და სამსეტიანი მარათონი მოიგო
ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა A ჯგუფში. დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა და რუსმა დანიილ მედვედევმა. მათ პირველი ტურის მატჩები წააგეს და უკანდასახევი გზა არ ჰქონდათ.
სხვათა შორის, ბუკმეიკერთა ფავორიტი ამ მატჩში მედვედევი იყო და მანაც გაამართლა ეს სტატუსი პირველ სეტში, რომელიც ტაი-ბრეიკზე მოიგო. ამ სეტში ბრეიკები არ ყოფილა. მეორე სეტი ნადალმა ბრეიკით დაიწყო, ბრეიკითვე დაასრულა და დამაჯერებელი რევანში აიღო პირველი პარტიის წაგებისთვის.
თითქოს ესპანელი საბოლოოდ დაეუფლა ინიციატივას, მაგრამ მესამე სეტი მისთვის კოშმარულად დაიწყო – ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და ანგარიშით 1:5 ჩამორჩა. მეშვიდე გეიმში ნადალის მოწოდებაზე მედვედევმა მატჩბოლიც გამოიმუშავა და სწორედ აქედან დაიწყო რაფას ფანტასტიკური ქამქები. მან ჯერ ეს მატჩბოლი მოიგერია, შემდეგ ორი უკუბრეიკი შეასრულა და პარტია ტაი-ბრეიკზე გადავიდა. იქ ნადალმა 3:4-დან ზედიზედ ოთხი ქულა მოიგო და 2 საათსა და 49 წუთში დრამატული გამარჯვება გაიფორმა – 6:7(3), 6:3, 7:6(4).
მესამე ტურში ნადალი სტეფანოს ციციპასს შეხვდება და მხოლოდ მოგება დასჭირდება ნახევარფინალში გასასვლელად, მედვედევმა კი დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი.