რაფაელ ნადალმა მედვედევს ისევ მოუგო და ფინალში გავიდა #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა მედვედევს ისევ მოუგო და ფინალში გავიდა #1TVSPORT

ესპანელმა რაფაელ ნადალმა 2022 წლის სეზონში ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგო და აკაპულკოს ATP500 კატეგორიის ტურნირის ფინალში გავიდა. „დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა ნახევარფინალში ორ სეტში დაამარცხა რუსი დანიილ მედვედევი, რომელიც ორშაბათიდან მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი გახდება.

ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ ავსტრალიის ღიას ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ნადალმა 0:2-დან შეძლო იმ მატჩის მოგება. ამჯერად, ესპანელმა უფრო იოლად გაიმარჯვა – 6:3, 6:3 ზუსტად ორი საათი ბრძოლის შემდეგ.

ნადალი  აკაპულკოს ტურნირზე მატჩებს მძლავრად იწყებდა, მაგალითად, წინა ორ წრეში მეტოქეებს ერთი გეიმიც არ დაუთმო. ესპანელმა ასევე დაიწყო მედვედევთან მატჩი – პირველ სეტში ბრეიკპოინტები მხოლოდ მას ჰქონდა – სამი ასეთი შანსიდან ერთი გამოიყენა და ეს საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად.

მეორე სეტის სტარტზე რაფამ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და წინ გავიდა. ესპანელს რთული მომენტი სეტის შუაში დაუდგა, როცა მედვედევს მეოთხე და მეექვსე გეიმებში ჯამში 11 ბრეიკპონტი ჰქონდა, მაგრამ ნადალმა ყველა ეს საფრთხე მოიგერია და სეტის ბოლოს კიდევ ერთი ბრეიკით დაასრულა მატჩი.

ნადალი ფინალში ბრიტანელ კემერონ ნორის შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ტურნირის მესამე ნომერს სტეფანოს ციციპასს 6:4, 6:4 მოუგო. რაფა ნორისთან ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს იგებს.