რაფაელ ნადალმა გრუნტზე მე-500 მატჩი ჩაატარა და რომის „მასტერსის“ ფინალში გავიდა #1TVSPORT
ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი რომის „მასტერსის“ პირველი ფინალისტი გახდა. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა საათნახევარში დაამარცხა ამერიკელი რაიან ოპელკა – 6:4, 6:4.
ნადალმა თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა. ჯამში მას შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. ესპანელმა, ამჯერად, კარგად ითამაშა საკუთარ გეიმებში და პირველ მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა წააგო. ოპელკამ მატჩში ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა – ოთხივე პირველი სეტის მეოთხე გეიმში და ვერ შეძლო ბრეიკის შესრულება. ამერიკელმა პირველ მოწოდებაზე თითქმის ოდეალურად ითამაშა და მხოლოდ ხუთი ქულა დათმო, მაგრამ მეორე მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 52 პროცენტი აიღო.
ნადალისთვის ეს იყო მე-500 მატჩი გრუნტის საფარზე. ესპანელმა მოიგო 458 შეხვედრა და მხოლოდ 42-ჯერ დამარცხდა.
ესპანელს არასოდეს წაუგია რომის ტურნირის ნახევარფინალში – 12-დან 12 მოგება. ეს არის მისთვის მეოთხე ტურნირი, სადაც მინიმუმ 12-ჯერ მისულა გადამწყვეტ მატჩამდე. რომის (9:2 ფინალებში) გარდა, ესენია: როლან გაროსი (13:0), ბარსელონას ტურნირი (12:0) და მონტე კარლოს „მასტერსი“ (11:1).
ნადალი პირველად 2019 წლის შემდეგ და 52-ედ კარიერაში გავიდა „მასტერსის“ სერიის ტურნირის ფინალში, რითაც გაუთანაბრდა რეკორდსმენ ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბს შეუძლია ისევ გაუსწროს ესპანელს ამ მაჩვენებლით, თუ მეორე ნახევარფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს მოუგებს.