მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მოგებით დაიწყო აკაპულკოს ტურნირი. ესპანელმა ჩოგბურთელმა პირველ მატჩში კომფორტული ანგარიშით დაამარცხა თანამემამულე პაბლო ანდუხარი – 6:3, 6:2.
ნადალი შეხვედრის დებიუტში ჩამორჩა 0:2, მაგრამ მომდევნო 15 გეიმში 12 თავის სასარგებლოდ დაასრულა და საბოლოოდ, საათსა და 30 წუთში გაიმარჯვა.
რაფამ ოთხი ეისი ჩააწოდა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველი მოწოდებით ქულების 72 პროცენტი მოიგო და ათიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მის მეტოქეს ოთხიდან ორი რეალიზებული ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.
მეორე წრეში პირველ ნომრად განთესილი ნადალი სერბ მიომირ კეჩამნოვიჩს შეხვდება.
მეორე რაუნდში თამაშის უფლება ასევე მოიპოვეს გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა (მეორე ნომრად განთესილი), შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ (3), კანადელმა ფელიქს ოჟე-ალიასიმმა (4), ამერიკელმა ჯონ ისნერმა (5), ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა (7) და სერბმა დუშან ლაიოვიჩმა (8). ერთადერთი განთესილი, რომელიც პირველი წრიდან გამოეთიშა ბრძოლას, ავსტრალიელი ნიკ კირგიოსია, რომელმაც ვერ დაასრულა შეხვედრა ფრანგ უმბერთან.