რაფაელ ნადალის შთამბეჭდავი ციფრები ავსტრალიის ღიაზე
რაფაელ ნადალის შთამბეჭდავი ციფრები ავსტრალიის ღიაზე

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა, რომელიც ბერძენი სტეფანოს ციციპასის დამარცხებით (6:2, 6:4, 6:0) დიდი სლემის ფინალში ოცდამეხუთედ გავიდა, სეტის წაუგებლად მიაღწია ავსტრალიის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩამდე.

ექვსი მატჩის განმავლობაში, ესპანელმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ ორი გეიმი წააგო და 16 ბრეიკ-პოინტიდან 14 მოგერია.

პირველ მოწოდებაზე დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ქულების 81 პროცენტი მოიგო. ის საშუალოდ მატჩში 32.8 ქულისმომტან დარტყმას ასრულებს.

ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ავსტრალიის ღიაზე ნადალმა ავსტრალიელ ალექს დე მინაურთან ჩაატარა (6:1, 6:2, 6:4). შეხვედრა ორი საათი და 22 წუთი გაგრძელდა.

ნადალი 25-ედ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ფინალში. უფრო მეტი ფინალი მხოლოდ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ჰქონია- 30. სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს შანსი, დიდ სლემზე 24-ე ფინალში თამაშის უფლება მიიღოს.

იმ შემთხვევაში, თუ ნადალი მელბურნში გაიმარჯვებს, ის გახდება პირველი ჩოგბურთელი მამაკაცებს შორის „ღია პირველობების ეპოქაში“, რომელსაც დიდი სლემის ყველა ტურნირი მინიმუმ ორჯერ ექნება მოგებული.