რაფაელ ნადალის დაბრუნების თარიღი ცნობილია
რაფაელ ნადალის დაბრუნების თარიღი ცნობილია

რაფაელ ნადალის ბიძამ და ყოფილმა მწვრთნელმა ტონი ნადალმა ჟურნალისტებს აცნობა, თუ როდის დაუბრუნდება მსოფლიოს მეორე ჩოგანი ვარჯიშებს.

„რაფაელმა გადაწყვეტილება მიიღო იმ ტრავმებისთვის ემკურნალა, რომელმაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი. ამიტომაც, მან დროებით შეწყვიტა სავარჯიშო პროცესი. სხვათა შორის, მას იგივე ურჩია ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციის ექიმმაც.

რაფამ პირადი საუბრისას მითხრა, რომ ვარჯიშებს 4-5 დეკემბერს დაუბრუნდება. ამ შემთხვევაში, მას თვეზე მეტი ექნება იმისთვის, რომ ავსტრალიის ღია პირველობისთვის კარგი ფორმა აკრიფოს“, – განაცხადა ტონი ნადალმა Tennis.com-სთვის კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ მუცლის კუნთის დაზიანების გამო, რაფამ სეზონის ბოლო რამდენიმე ტურნირი გამოტოვა, რითაც რეიტინგში პირველი ადგილი დაუთმო ნოვაკ ჯოკოვიჩს.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ნადალი ახალ სეზონს აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირით დაიწყებს, რომელიც 27-29 დეკემბერს გაიმართება.