რაფაელ ნადალის დაბრუნება გადაიდო - ესპანელი მონტე კარლოს მასტერსს გამოტოვებს #1TVSPORT
რაფაელ ნადალის დაბრუნება გადაიდო - ესპანელი მონტე კარლოს მასტერსს გამოტოვებს #1TVSPORT

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი თიხის სეზონის სტარტს გამოტოვებს. როგორც მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გვამცნო, ტრავმა ჯერ საშუალებას არ აძლევს, უმაღლეს დონეზე იასპარეზოს.

ნადალმა დაზიანება 2023 წლის დასაწყისში, ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის დროს მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.

„მოგესალმებით. მინდა გაცნობოთ, რომ ტრავმის გამო ჯერ მზად არ ვარ, უმაღლეს დონეზე ვიასპარეზო. მომიწევს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი – მონტე კარლოს მასტერსი გამოვტოვო. გავაგრძელებ აღდგენის პროცესს და ვიმედოვნებ, კორტზე მალე დავბრუნდები“, – დაწერა ნადალმა twitter-ის გვერდზე.

„თიხის მეფედ“ წოდებულ ნადალს მონტე კარლოს მასტერსი კარიერაში 11-ჯერ აქვს მოგებული. უკანასკნელად ესპანელმა იანვარში, ავსტრალიაში ითამაშა. შედეგად, მან ბოლო 18 წლის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის ათეული პირველად დატოვა. ახლა მალიორკელის მთავარი ამოცანა როლან გაროსამდე ფიზიკური ფორმის სრულად აღდგენა იქნება. პარიზში წლის მეორე დიდი სლემის ტურნირი 28 მაისს აიღებს სტარტს.

რაც შეეხება მონტე კარლოს მასტერსს, ტურნირი 8 აპრილს დაიწყება და 16 აპრილამდე გაგრძელდება.