რაფაელ ნადალი თავისი აკადემიის ბაზაზე დიდი ტურნირის მოწყობას აპირებს
ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი აპირებს ტურნირის გამართვას ესპანეთში, საკუთარი აკადემიის ბაზაზე. მსოფლიოს მეორე ჩოგანის აზრით, მაყურებლების გარეშე ამგვარი დახურული ტურნირის ჩატარება დაეხმარება ჩოგბურთელებს სპორტული ფორმის დაბრუნებაში.
„ჩოგბურთი დღეს – ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ადამიანების ჯანმრთელობაა, – მოჰყავს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროს“ ნადალის სიტყვები. – მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი აკადემია მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში პროფესიონალ ჩოგბურთელებს დაეხმარება. მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ტურნირში. სანამ პროფესიული ტურნირები შეჩერებულია, შეგვიძლია ფორმის შენარჩუნებისთვისა და აღდგენისთვის მატჩების ორგანიზება“.
ნადალის აკადემია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციასთან (ATP) საჩვენებელი ტურნირის ორგანიზებისთვის. ყველა მოთამაშე აკადემიაში იცხოვრებს – ისინი იქ შეძლებენ თამაშსა და ვარჯიშს. ტელევიზია ტრანსლიაციებს უზრუნველყოფს. ATP-მ იდეას მხარი დაუჭირა.