მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა 2024 წელს პროფესიულ ტურში თავისი დაბრუნების პერსპექტივები შეაფასა.
„რა თქმა უნდა, ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს უაზრობაა, რომ ამდენი წლის ვარ, ბევრი პრობლემა მაქვს და ბევრმა მუშაობამ შედეგი არ მოიტანა. მაგრამ, ამასთან, არ მიმაჩნია, რომ დავიმსახურე სპორტული კარიერის დასრულება პრესისთვის განკუთვნილ დარბაზში მჯდომმა.
მინდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად დასრულდეს, და მე ვიბრძოდი და ვიმედოვნებდი, რომ ეს მოხდებოდა. იყო ეჭვები, მძიმე მომენტები, მაგრამ იყო გამონათებებიც.
ჩემ გარშემო სწორი ადამიანები იყვნენ, როგორც ყოველთვის ხდებოდა ჩემს კარიერაში: ოჯახი, გუნდი, მეგობრები. ვფიქრობ, სწორედ მათი წყალობით აღმოვჩნდი იქ, სადაც ახლა ვარ: გამიჩნდა ტურნირებზე დაბრუნების შესაძლებლობა. ასევე, დიდი გავლენა იქონია იმან, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ისევ სურთ ჩემი კორტზე ხილვა.
რა თქმა უნდა, უდიდესია იმის ალბათობა, რომ ეს ჩემი ბოლო წელი იქნება ტურში. შესაძლოა, მხოლოდ ნახევარი წელი ვითამაშო, შესაძლოა, მთელი წელი… ასეთია სიტუაცია ამ მომენტში, და მე მართლა არ მაქვს პასუხი ამ კითხვებზე. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ვაპირებ ისევ ვითამაშო ტურნირებზე და ისევ მაქვს გონებაში ის, რომ ეს ჩემი ბოლო წელი იქნება. ამიტომაც მინდა, ყველა ტურნირისგან სიამოვნება მივიღო.
არ მინდა, გამოვაცხადო ამის შესახებ, რადგან, საბოლოო ჯამში, ცნობილი არ არის, რა შეიძლება მოხდეს, და ყოველთვის საჭიროა ლაპარაკი ისე, რომ შემდეგ არ აღმოჩნდე საკუთარი სიტყვების ტყვეობაში. ვფიქრობ, რომ ასე იქნება, მაგრამ ვერ ვადასტურებ 100 პროცენტით, რადგან ბევრს ვმუშაობდი, რათა ტურნირებზე დავბრუნებულიყავი. თუ გარემოებები და ჩემი ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას მაძლევს გავაგრძელო და სიამოვნება მივიღო იმისგან, რასაც ვაკეთებ, რატომ უნდა შევიზღუდო თავი? ჩემი აზრით, ამას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ნადალმა.