ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა ოქტომბერში გამოაცხადა, რომ დევისის თასის მატჩების შემდეგ ასრულებს სპორტულ კარიერას. „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა კიდევ ერთხელ ახსნა თავისი გადაწყვეტილება.
ნადალმა განაცხადა, რომ მას შეეძლო, კიდევ ერთი სეზონი ეთამაშა, მაგრამ ესმის, რომ აღარ შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ კონკურენცია.
„შევძლებდი კიდევ ერთი წელი თამაშს, რათა გამოვმშვიდობებოდი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირებს, მაგრამ აზრი აღარ აქვს თამაშის გაგრძელებას, რადგან ვაცნობიერებ, რომ ჩემი სხეული არ მომცემს იმ მიზნებისთვის ბრძოლის საშუალებას, რომლებიც მოტივაციას მაძლევენ“, – განაცხადა ესპანელმა ჩოგბურთელმა.
დევისის თასზე პირველ შეხვედრაში ესპანეთი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩები უკვე ოთხშაბათს გაიმართება.