რაფაელ ნადალი როლან გაროსს გამოტოვებს და 2024 წელს კარიერას დაასრულებს #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გამოაცხადა, რომ ვერ ითამაშებს 2023 წლის როლან გაროსზე ბარძაყის ტრავმის გამო, რომელიც იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო მისი გამოსვლის მთავარი აზრი – მომავალ წელს ლეგენდა კარიერის დასრულებას აპირებს.
„მე ვერ შევძლებ როლან გაროსზე თამაშს. როგორც იცით, ბოლო თვეებში ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ ვერ ვიპოვე იმ პრობლემის მოგვარების გზა, რომელიც ავსტრალიაში წარმოიშვა. დღეს არ ვგრძნობ თავს მზად, ვაჩვენო ჩოგბურთის ის სტანდარტი, რომელიც როლან გაროსზე მჭირდება.
მეორე. ბოლო რამდენიმე წელი ძალიან კარგი იყო შედეგების მხრივ – შევძელი „დიდი სლემისა“ და სხვა მნიშვნელოვანი ტურნირების მოგება, მაგრამ სიამოვნებას ვერ ვიღებდი სამუშაოსგან.
პანდემიის შემდეგ ორგანიზმი ვერ უმკლავდებოდა ყოველდღიურ სამუშაოს, ასე რომ, არ მსიამოვნებდა ვარჯიშები და ტურნირები. ძალიან ხშირად მიწევდა პაუზების აღება ფიზიკური პრობლემების გამო, ძალიან ხშირად ვვარჯიშობდი ტკივილის ფონზე. ასე რომ, შესვენების აღება მჭირდება.
არ ვიცი, როდის დავბრუნდები კორტზე. შესაძლოა, კიდევ თვე-ნახევარი ვერ ვითამაშო, შესაძლოა, ორი თვე ან ოთხი. დავეყრდნობი საკუთარ შეგრძნებებს და შევეცდები, გავაკეთო ის, რაც არგებს ჩემს ორგანიზმს და ბედნიერებას მომიტანს.
ჩემი მიზანი და სურვილია, გავჩერდე და დავტკბე მომდევნო სეზონით, რომელიც ალბათ ბოლო იქნება ჩემთვის პროფესიულ ტურში. არ შემიძლია , ასპროცენტიანი გარანტია მოგცეთ, რომ ყველაფერი ასე მოხდება, მაგრამ ჩანაფიქრი ასეთია.
მინდა, გამოვემშვიდობო ყველა ტურნირს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის. მინდა, ვიბრძოლო და დავტკბე ამ მომენტით.
დღეს ეს შეუძლებელია. მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ ახლა შესვენებას ავიღებ, მომდევნო წელს ასეთი შესაძლებლობა მექნება“.
ესპანელის სიტყვებით, მას არ შეუძლია, იწინასწარმეტყველოს, რა მოხდება მომავალ წელს და როგორი რეაგირება ექნება მის ორგანიზმს, ამიტომაც არ შეუძლია დაასახელოს 2024 წლის მიახლოებითი განრიგიც კი. მაგრამ აღნიშნა, რომ ძალიან უნდა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა, რომლის საჩოგბურთო ტურნირი როლან გაროსის კორტებზე გაიმართება.
„გახდება თუ არ ის ჩემი ბოლო ტურნირი? არ ვიცი“.
ბოლოს ნადალს ჰკითხეს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ მომდევნო წელი ბოლო არ იყოს მის კარიერაში. ამაზე რაფამ უპასუხა: „ახლა რთულია ამის წარმოდგენა. მე ოპტიმისტი ვარ, მაგრამ არა – მეოცნებე“.