რაფაელ ნადალი ნეკნის მოტეხილობის გამო 4-6 კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ინდიან უელსის „მასტერსზე“ სერიოზული ტრავმა მიიღო, – ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი „მარკა“.
აღნიშნავენ, რომ ესპანელმა ჩოგბურთელმა „მასტერსის“ ფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან წაგების შემდეგ, ბარსელონაში გაიარა სამედიცინო შემოწმება. გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ ჩოგბურთელს ნეკნის სტრესული მოტეხილობა აქვს.
„შესაბამისი ტესტების შემდეგ, რაფაელ ნადალს აღმოაჩნდა ბზარი მარცხენა ნეკნზე. დაზიანება მან ინდიან უელსის ტურნირის ნახევარფინალში მიიღო. ტურნირებზე მისი დაბრუნების სავარაუდო დროა – ოთხიდან ექვს კვირამდე“, – განაცხადა ექიმმა.
ასე რომ, ნადალი აუცილებლად გამოტოვებს გრუნტის „მასტერსს“ მონტე კარლოში (10-17 აპრილი) და შეიძლება ვერ მოასწროს აღდგენა ბარსელონასა და მადრიდის ტურნირებისთვის.