რაფაელ ნადალი ესპანეთში დაბრუნდა და არ აპირებს მაიამის „მასტერსზე“ თამაშს
ინდიან უელსის „მასტერსის“ გაუქმების შემდეგ, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები და ესპანეთში დაბრუნდა. ის დარწმუნებული არ არის, რომ თვის ბოლოსთვის ისევ გაემგზავრება აშშ-ში მაიამის „მასტერსში“ მონაწილეობის მისაღებად. დიდი ალბათობით, ამ ტურნირსაც გააუქმებენ, რადგან იმ ოლქში, სადაც ეს „მასტერსი“ უნდა გაიმართოს, კორონავირუსით უკვე იმაზე მეტია ინფიცირებული, ვიდრე იმ ოლქში, რომელშიც ინდიან უელსი მდებარეობს.
მოთამაშეები, რომლებიც ინდიან უელსში დარჩნენ და ელოდებიან მაიამის „მასტერსთან“ დაკავშირებულ ახალ ამბებს, უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელით, კვებით, ტრანსპორტითა და სამედიცინო მომსახურებით. ასე იქნება 16 მარტამდე.
ინდიან უელსის საჩოგბურთო კორტებზე გრძელდება ვარჯიშები და თვითმხილველები სიტუაციას აღწერენ, როგორც „მშვიდსა“ და „მოდუნებულს“. ეს იმით აიხსნება, რომ ორგანიზატორებმა ჟურნალისტების აკრედიტაციები გამოითხოვეს და მოთამაშეებს არ უწევთ ინტერვიუებისა და კომენტარების მიცემა.