მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა იოლად გააღწია ამერიკის ღია პირველობის ფინალში. ესპანელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში მოუგო იტალიელ მატეო ბერეტინის – 7:6(6), 6:4, 6:1.
„დიდი სლემის“ ტურნირების 18-გზის ჩემპიონს მხოლოდ პირველ სეტში შეექმნა პრობლემები, უფრო ზუსტად კი პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე. მანამდე ნადალმა ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკი რაფამ ორმაგი შეცდომით დაიწყო და მალე 0:4 ჩამორჩა. ბერეტინი ძალიან ახლოს მივიდა სეტის მოგებასთან, როცა 6:4-ზე ორმაგი სეტბოლი მიიღო, მაგრამ ნადალმა შეძლო ზედიზედ ოთხის ქულის აღება და პარტიის მოგება, რომელიც 73 წუთი გაგრძელდა.
მეორე სეტში ბერეტინი აგრძელებდა ბრეიკ-პოინტების მოგერიებას – ნადალმა კიდევ სამი შანსი გაანიავა და მხოლოდ მეათე ცდაზე შეძლო მატჩში პირველი ბრეიკის შესრულება. ამის შემდეგ, იტალიელს დიდი წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მან წააგო მეორე სეტი, მესამეში კი სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.
ჯამში რაფაელ ნადალმა 16 ბრეკ-პოინტი მოიპოვა და ოთხი გამოიყენა, ბერეტინი კი ერთხელაც არ მიუშვა ბრეიკ-პოინტამდე. რაფამ ძალიან სუფთად ითამაშა და მხოლოდ 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მხოლოდ 4(!) ქულა წააგო პირველ მოწოდებაზე (37/41, 90 პროცენტი), მეორე მოწოდებაზე კი ეს მაჩვენებელი 74 პროცენტი ჰქონდა.
ნადალი “დიდი სლემის” ტურნირების 27-ე ფინალში გავიდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც კარიერაში 31 ფინალი ჰქონია. გადამწყვეტ მატჩში ნადალი რუს დანიილ მედვედევს შეხვდება, რომელმაც სამ სეტში მოუგო ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს – 7:6(5), 6:4, 6:3.
ნადალმა და მედვედევმა მოიგეს აშშ-ის ღიას წინ ჩატარებული “მასტერსები” – ნადალმა მოიგო მონრეალში, მედვედევმა – ცინცინატიში. სხვათა შორის, კანადური “მასტერსის” ფინალში რაფამ სწორედ მედვედევი დაამარცხა – 6:3, 6:0. სწორედ ეს არის ამ ჩოგბურთელებს შორის ერთადერთი შეხვედრა პროფესიულ ტურში.