რაფაელ ნადალი - დღევანდელი მდგომარეობით აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობას არ ვაპირებ
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა დღეს რომ ტარდებოდეს, ნიუ იორკში არ გაფრინდებოდა და ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებდა.
„თუ დღეს მკითხავთ მონაწილეობის შესახებ, გიპასუხებთ – „არა“. არ ვაპირებ გამოვიდე აშშ-ის ღია პირველობაზე, თუმცა, არ ვიცი რა სიტუაცია იქნება რამდენიმე თვის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებიც ამ ტურნირებს აწყობენ, პირველ რიგში, ყველას უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
ტურნირი – ზეიმია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა უსაფრთხოდაა. ჩვენ საჭირო დროს სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. თუ თამაში გვინდა, სიტუაცია სულ სხვანაირი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უაზრობაა. დღეს ჩვენ ადამიანების უსაფრთხოებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“, – განაცხადა ნადალმა.
აშშ-ის ღია პირველობის ჩატარება ჯერ დადასტურებული არ არის.