რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი „წლის ჯენტლმენის“ პრიზისთვის იბრძოლებენ
რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი „წლის ჯენტლმენის“ პრიზისთვის იბრძოლებენ

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2019 წლის „საუკეთესო დებიუტანტის“ პრიზის ნომინანტთა დასახელების შემდეგ, კიდევ რამდენიმე პრიზის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა.

„წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის“ პრიზზე ოთხი ჩოგბურთელი აცხადებს პრეტენზიას: ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა), დანიილ მედვედევი (რუსეთი), მატეო ბერეტინი (იტალია) და სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი).

ცნობილი არიან კანდიდატები „წლის დაბრუნების“ ნომინაციაში: ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი), ენდი მარეი (ბრიტანეთი), ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) და სტენ ვავრინკა (შვეიცარია).

კიდევ ერთი ნომინაცია, რომლის პრეტენდენტებიც დასახელდა, არის „წლის ჯენტლმენი“. ეს პრიზი ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის სტეფან ედბერგის სახელს ატარებს. კარიერაში მეთოთხმეტედ შეეძლება ამ ჯილდოს მოგება შვეიცარიელ როჯერ ფედერერს. მისი კონკურენტები იქნებიან – ესპანელი რაფაელ ნადალი, არგენტინელი დიეგო შვარცმანი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი.

პრიზების მფლობელები დეკემბერში გახდება ცნობილი.